უკვე მეთვრამეტე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
2010-2011 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა თავიანთი სოფლიდან ან ქალაქიდან მასპინძელ ქალაქამდე ამერიკაში და უკან დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ მასპინძელი ქვეყნის კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
FLEX პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საჯარო სკოლისა და პროფესიული ცენტრების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 1993 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას. FLEX პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი მოსწავლეებისთვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 1992 წლის 15 მარტიდან 1995 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. 2009 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში:
თელავი: 23 სექტემბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, ჭავჭავაძის #8 სიღნაღი: 26 სექტემბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, სარაჯიშვილის #13 გორი: 28 სექტემბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #3, დიმიტრი ამილახვრის #26 მარნეული: 7 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #5, რუსთაველის #52
ქუთაისი: 7 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #3,
წმინდა ნინოს #2 ბორჯომი: 10 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1,
წმინდა ნინოს #1 ბათუმი: 11 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #19,
ფიროსმანის #5 ახალქალაქი: 13 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #2,
თუმანიანის #31
ზუგდიდი: 14 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, აღმაშენებლის #1
ახალციხე: 15 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, მიქუტიშვილის #2
ფოთი: 17 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, აკაკის #44
თბილისი: 24 ოქტომბერი, 2009წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #55, ჭავჭავაძის #38.
მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ დაბადების მოწმობის დედანი, ერთი ახლადგადაღებული 3ხ4-ზე ფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული. ფინალისტების შერჩევა ხდება სამ ტურად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან 15-წუთიან ინგლისური ენის მოკლე ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტები დაწერენ ინგლისური ენის შესამოწმებელ კომპლექსურ ტესტს და მცირე ზომის თემებს. ამ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები ხდებიან პროგრამის ნახევარფინალისტები და იღებენ მონაწილეობას საბოლოო, მესამე ტურში. ნახევარფინალისტები შეავსებენ ანკეტას და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2010 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2011 წლის ივნისის თვეში.
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში: ტელ: (995 32) 29-21-06, 91-32-72; www.americancouncils.ge |